,,ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბელადის კაპრიზი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილის გარემოცვას ჰგონია
,,ერთი არის დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება. ამ პრობლემების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც აქვს რწმენა, ნებისყოფა, კომპეტენცია და ცოდნა. ამ ამოცანას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური, რომ დაიცვას გარე მტრისგან, კრიმინალს თავი არ ააწევინოს, დაიცვას მოძალადისგან, მაგრამ ამავე დროს ესმის ძალიან კარგად, რომ ხელისუფლება უნდა იყოს მცირე ზომის, რათა თავად არ იქცეს საფრთხე ადამიანებისთვის, თავისუფალი ეკონომიკისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით და არა შუშის სასახლიდან ოლიგარქ ივანიშვილის მიერ. ასეთი გუნდი ვართ ჩვენ“, - განაცხადა ბოკერიამ.