,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ქონების საკითხი არ აინტერესებს. მისი თქმით, დღის წესრიგში დგას ქვეყნის პრობლემების მოგვარება და არა ქონებრივი საკითხები.
„მე საერთოდ არ ვარ ჩახედული და საერთოდ არ მაინტერსებს არანაირი ქონების საკითხები. ნინო კალანდაძემ ისაუბროს მზითევზე, მე კი ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ პარტიაშია. როდესაც რესურსი აღარ არის, მაშინ უმჯობესია ყოველგვარი მზითევის გარეშე, სუფთა ხელებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მზითევის და ჩიხტიკოპების გატანება არა მგონია ვინმეს სჭირდებოდეს“, - განაცხადა უგულავამ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია პარტიიდან წასულ ჯგუფს ჰქონდეს პრეტენზია სახელზე, ან ოფისზე.
„სახელზე პრეტენზია ვერ ექნებათ მათ, ვინც ამ პარტიიდან მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ დაუტოვებია არაერთ წევრს, მათ შორის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, კობა დავითაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მათ არ მიჰყვება. რაც შეეხება ოფისებს, ვინც მიდის და პარტიას ტოვებს, მათ არაფერი მიაქვთ. 20 იანვრის ყრილობა დაგეგმილია და გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს მიღებული აქვს. შესაბამისად, მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. 20 იანვარს 7 000-კაციანი დელეგატების შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიის სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა კალანდაძემ.