,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნინო კალანდაძის ინფორმაციით, პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებას დაპირისპირებული ჯგუფი სავარაუდოდ, 12 იანვარს გააკეთებს.
„დადასტურებულად ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, უბრალოდ, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 12 იანვარს გაკეთდება განცხადება, რომ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ ლოგიკური ნაბიჯი იქნება, რომ ეს ადამიანები დატოვებენ პარტიას. ამის შემდეგ იქნება დამოუკიდებელ პარტიაზე საუბარი თუ არა, თავად გვაცნობენ“, - განაცხადა ნინო კალანადაძემ.
კალანდაძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია პარტიიდან წასულ ჯგუფს ჰქონდეს პრეტენზია სახელზე, ან ოფისზე.
„სახელზე პრეტენზია ვერ ექნებათ მათ, ვინც ამ პარტიიდან მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ დაუტოვებია არაერთ წევრს, მათ შორის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, კობა დავითაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მათ არ მიჰყვება. რაც შეეხება ოფისებს, ვინც მიდის და პარტიას ტოვებს, მათ არაფერი მიაქვთ. 20 იანვრის ყრილობა დაგეგმილია და გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს მიღებული აქვს. შესაბამისად, მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. 20 იანვარს 7 000-კაციანი დელეგატების შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიის სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა კალანდაძემ.