თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძე ხეების მოჭრაზე კონტროლის გამკაცრების შესახებ IDFI-ის რეკომენდაციას საყურადღებოდ მიიჩნევს.
„არის რამდენიმე კერძო კომპანია, რომელსაც სამშენებლო კომპანიები მიმართავენ, როდესაც საქმე ხეების მოჭრის საკითხს ეხება. ისინი ხეების მდგომარეობას აფასებენ და შემდეგ ამ შეფასებას ეყრდნობა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური. ვფიქრობ, რომ კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესოა, საყურადღებოა, რეკომენდაციები, პრინციპში, მისაღებია. გამოცდილება აჩვენებს, რომ უმჯობესია, ამ კუთხით უფრო მეტი სიმკაცრე იყოს, უფრო მკაცრად გაკონტროლდეს მათ მიერ გაცემული ცნობებები. გასული წლის შემოდგომის შემდეგ ეკოლოგიის სამსახურმა მონიტორინგი ბევრად უფრო გაამკაცრა ამ მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ მონიტორინგი უკეთესად ხორციელდება. კერძოდ, გადამოწმება ხდება იმ შეფასებების, რომელსაც ეს კერძო კომპანიები იძლევიან. რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ამას რომელიმე ლიცენზირებული კერძო სუბიექტი აკეთებდეს, ან თუნდაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ეს საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციაა და მას საფუძველი აქვს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, თბილისის შემოგარენში ზოგადად ხეების მდგომარეობა საკმაოდ არასასურველია. მისივე თქმით, ძალიან ბევრი დაავადებული და გამხმარი ხეებია, რის გამოც ბოლო წლებში თბილისის მერია სანიტარულ ჭრებს აქტიურად ახორციელებს. ამიტომ, ლექვინაძე არ გამორიცხაბვს, რომ IDFI-ს შეფასებაში არსებული დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი ციფრები ამას უკავშირდებოდეს.
IDFI-ის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, წინა წლებთან შედარებით 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის დაზიანებულის სტატუსი მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა.