მაია რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე და სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ, - განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა დავით გუმბერიძემ.
„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მან აღნიშნა, რომ დაცვისა და ბრალდებულის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოში გამოცხადების თავის არიდებას.
,,ამით ცდილობენ პროცესი გაჭიანურდეს. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი დაინიშნოს 12 იანვარს და ამ მიზეზით კიდევ არ მოხდეს სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რათა დასრულდეს საქმის დროულად განხილვა“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.
მისი განმარტებით, თუ 12 იანვრისთვის დანიშნულ სასამართლო პროცესზე ისევ იქნება დაყენებული შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე, მოითხოვს, რომ სასამართლო განხილვები ბრალდებულის დაუსწრებლად გაგრძელდეს.