იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განმარტებით, სსკ-ის 126-ე მუხლი, მისი სიმძიმიდან და სანქციიდან გამომდინარე, როგორც წესი, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს.
”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს ”სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.
“ზოგადად, ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს იმის შესახებ, ძალადობა კარგია თუ არა. ძალადობა არ არის კარგი და ძალადობის გამოვლინება არავის მხრიდან არ მომწონს - ამას არასდროს ვუჭერდი მხარს და არასდროს დავუჭერ მხარს. ასევე ვარ წინააღმდეგი, მოხდეს პერსონალური შემთხვევების იმ მასშტაბში აყვანა, რომ მოხდეს ადამიანების დემონიზება. ამიტომ საჭიროა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დავიცვათ. ის თუ როგორი უნდა იყოს საქმის კვალიფიკაცია, არც ამაზე საუბარი მგონია სწორი. გამოძიება იმიტომ არის უფლებამოსილებით და პასუხისმგებლობით დატვირთული, რომ კვალიფიკაცია მან უნდა განსაზღვროს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.
რატი გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო პროცესი ჩაინიშნება მას შემდეგ, რაც გამოძიება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით შევა სასამართლოში.