,,არ არის შემთხვევითი, რომ დღეს დანიშნული იყო როგორც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი „ქართუს“ საქმეზე, ასევე ფრაქციის სხდომა მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენების შესახებ“, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დღეს პარტიის წევრებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ენმ-ში ვიწრო ჯგუფი ცდილობს ნებისმიერი გზით შიდაპარტიული ძალაუფლების შენარჩუნებას.
”შეუძლებელია დაიჯერო შემთხვევითობის, როცა ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენების თაობაზე ფრაქციის სხდომა ერთ დღეს ინიშნება. ამის მერე ერთდროულად მიიღება გადაწყვეტილება, რომ აღარ ჩატარდეს ფრაქციის სხდომა და სასამართლო სხდომაც გადაიდოს. დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ პარტიაში ვიწრო ჯგუფი ნებისმიერი გზით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, 20 იანვარს ჩატარებულ ყრილობაზე 7 000 დელეგატი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ უნდა დარჩეს პარტიის ხელმძღვანელობაში.