,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია ,,რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინციდენტი ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის არსებობას უკავშირდება. მისი თქმით, პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების ფიზიკური შეურაცხოფა არაერთხელ მომხდარა, თუმცა არც ერთი დამნაშავე შესაბამისად არ დასჯილა.
,,ეს ძალადობის გამოვლენის პირველი ფაქტი არ არის და ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ძალადობა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ წაქეზებულიც არის ხოლმე ხელისუფლების მხრიდან. მარგამ ამ ძალადობას თან ახლდა დეკლარირებული, პირდაპირ გაკეთებული განცხადება, რომ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო გაუსწორდნენ ნიკა გვარამიას. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, აქ აღარ არის საუბარი უკვე დემოკრატიულ სახელმწიფოზე, ასეთი ტიპის დანაშაულისთვის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი. იმიტომ რომ ეს არ ეხება უბრალოდ ცალკე აღებულ ნიკა გვარამიას, ეს ეხება ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც შეიძლება ხვალ გახდეს ვიღაცის გულისრევის თუ გაღიზიანების მსხვერპლი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.
გამოიძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "რუსთავი 2"-ოს გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.