თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გათავისუფლებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს.
„რაც შეეხება ბატონ უგულავას, მე როგორც ვიცი და ინფორმაცია მაქვს, სხვა კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევს,“ - განაცხადა კახი კალაძემ.
თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, 6 იანვარს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ვადა შეუმცირდა. საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში სასამართლომ უგულავას სასჯელი გადააკვალიფიცირა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სასჯელად 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუტოვა.
ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში თბილისის ყოფილი მერი 2015 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდა. თბილისის ყოფილმა მერმა საპატიმრო 6 იანვარს დატოვა.