სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორი გამშვები პუნქტის შესაძლო გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის გადაადგილების საშუალების შესანარჩუნებლად.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ აფხაზეთის რეგიონის ჰუმანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებული იქნება „რაციონალური გადაწყვეტილება“.
"სამწუხაროდ, წელიწადზე მეტია ჩვენ გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საკმაოდ რთული გადაადგილების პირობები აფხაზეთთან ადმინისტრაციულ ხაზზე კიდევ უფრო გართულდება - დაიკეტება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები. ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა შემთხვევა, როცა ორი საფეხმავლო გადასასვლელი დაიკეტა, ახლა იყო განცხადება, რომ კიდევ ორი შეიძლება დაიკეტოს ე.წ. ქვედა ზონასთან დამაკავშირებელ ადმინისტრაციულ ხაზზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია. ჩვენ მყისიერად და ყოვედღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს განცხადება არ მოვიდეს სისრულეში. იმიტომ, რომ გალის და არა მხოლოდ გალის, მთლიანად აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდება“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.