რეჟისორ ნინო ბასილიას სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს "ანას ცხოვრებას" მაყურებელი 5 იანვრიდან ნახავს.
„ანას ცხოვრება“ ახალგაზრდა ქართველი მარტოხელა დედის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი და აუტიზმით დაავადებული შვილის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოდ აშშ-ში გამგზავრებას გადაწყვეტს. თუმცა, ამერიკის საელჩო მას ვიზას არ აძლევს, ხოლო ამერიკაში მოხვედრა სხვა გზებით მას ძალიან ძვირი უჯდება. და მაინც, ქალი რისკავს: ყიდის სახლს, ხოლო ფულს უცნობ მამაკაცს გადასცემს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზას ჰპირდება. სინამდვილეში კი ის ჩვეულებრივი თაღლითია, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.
„ანას ცხოვრება" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გიოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
მას შემდეგ ნინო ბასილიას ნამუშევარი არაერთი კონკურსის ლაურეატი და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. საქართველოში ფილმის ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ფილმი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.
რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი და მწერალი ნინო ბასილია მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე სწავლობდა. ის 25 მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. ბასილაია არის ავტორი 12-სერიიანი „კარუსელის“ სცენარის (ტელეკომპანია НТВ, მოსკოვი, 2004 წ.), რომანებისა — „პლასტმასის ნერვი“ და „შიში“, პროზაული ნაკრების „აკვარიუმი“, საბავშვო ლექსების კრებულის და სხვა.
"ანას ცხოვრების" ნახვა კინოთეატრებში 5 იანვრიდან არის შესაძლებელი.