თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, უწყებაში
თანხები არასწორად იყო განაწილებული. 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ოპტიმიზაციის ჩატარება სწორედ ამის გამო გახდა საჭირო.
,,რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა. რეფორმის მიზანი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ნატო-სთან თავსებადი თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს. ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა. შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვე სტრუქტურებშიც“, - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, 2016 წელს თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33 % ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-53%-მდე განისაზღვრება”, - განმარტა მინისტრმა.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის შალვა ჯაბახიძის ინფორმაციით, ომტიმიზაციის ფარგლებში, 209 სამხედრო მოსამსახურეს კომპენსაცია მიეცა, ხოლო 160 სამხედრო კადრების განკარგულებაში იმყოფება.