საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ნინო სურგულაძისა და ფონდის „ნატვრის ხე“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო საქველმოქმედო გალაკონცერტს დაესწრნენ.
ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა შემსრულებლებმა მიიღეს.
მაკა ჩიჩუამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„მივესალმები ყველას ვინც ჩვენ თვალს გვადევნებს და ჩვენს გვერდზეა.
როგორც სიუჟეტებიდან ვნახეთ ამ დღეს ძალიან ბევრი პატარა და ახალგაზრდა ადამიანი ელოდა. ყველა ელოდება იმ ბედნიერ მომენტს, როდის ეტყვიან, რომ მათ შეიძლება ოპერაცია ჩაუტარდეთ. მათ გარდა კიდევ ძალიან ბევრია ასეთი მომლოდინე ადამიანი და ჩვენი დიდი აქტივობით და დახმარებით, ვისაც როგორ შეგვიძლია, თუნდაც ერთი ლარით. ყოველი გამოცხადებისას მქონდა განცდა თუ რა კარგია, როდესაც ჩვენ ყველა ასე ვერთიანდებით ამ კეთილ საქმეში.
მადლობა ნინოს ამ არაჩვეულებრივი კონცერტისთვის, მადლობა ყველა შემსრულებელს, განსაკუთრებით მათ ვინც შორიდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოეხატა.
რაც უფრო გავერთიანდებით და გავმრავლდებით, უფრო მეტად შევძლებთ დავამარცხოთ მძიმე ავადმყოფობები და გავაკეთოთ ისე, რომ მათ თვალზე ცრემლი აღარ იყოს.
რამდენიმე წელია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ვიყო აქტიური ამ საქმეში. ვაპირებ ფონდის გაკეთებას, რომელიც დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ვჭირდებით“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ
დასასრულს პირველმა ლედიმ კონცერტის მონაწილეებთან ერთად რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერა „თბილისო“ შეასრულა.