საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პარლამენტში მისვლის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასევე, მადლობა გადაუხადა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობისთვის.
,,ჩვენ გვქონდა ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ განხილვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამას, ეს თანამშრომლობა ეკონომიკურ გუნდთან კიდევ გაგრძელდება. საუბარი იყო უმცირესობის ფორმატში კიდევ ერთ შეხვედრაზე და ამასთან დაკავშირებით რამდენადაც ვიცი გაჟღერდა პოზიცია ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების მხრიდან. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა შედგება უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის”, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავდა, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას დასწრებოდნენ, რომელზეც ლარის გაუფასურების საკითხზე იმსჯელებდნენ.