ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითის რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ გატაცებული ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბედ-იღბლის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.
ჩოჩიევის განცხადებით, დაკარგულების ახლობლები შეწუხებულნი არიან იმ ფაქტით, რომ მათი ახლობლები ერთ წელზე მეტია გაუჩინარებულნი არიან და მათ შესახებ ნათესავებმა არაფერი იციან.
"ქართული მხარე არაფერს აკეთებს, ასევე არაფერს აკეთებს ევროკავშირი. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულ მხარეს ჯერაც არაფერი გაუკეთებია ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელის დასადგენად", _ აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, რომ ოსურ მხარეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე.
"სრულიად უდანაშაულო ადამიანების ბედ-იღბალი რაღაც პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს. ეს ჩვენი მყარი პოზიციაა და სწორედ ამიტომაც დავუბრუნეთ ქართულ მხარეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე თავიანთი მოქალაქეები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკნონოდ გადმოკვეთეს", _ აცხადებს ჩოჩიევი.