სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღორების ,,პასპორტიზაციასთან” დაკავშირებით დღეს ჟურნალისტეთან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცხოველების აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროპის მოთხოვნებთან. საკითხის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მინისტრი უპასუხისმგებლობად აფასებს.
,,ვინც ასეთი მახინჯი ფორმით მოახდინა ამ თემის ტირაჟირება, ეს არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, სიტყვა "პასპორტი" დოკუმენტში მაჩვენეთ სადმე და მაშინ სხვანაირად გიპასუხებთ. ეს არის აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი, რომელიც ყველა სხვა ცხოველსაც უკავშირდება, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საბოლოოდ, უსაფრთხო სურსათი ჰქონდეს მოსახლეობას. ეს არის ის, რომ ჩვენი სურსათის უვნებლობა იყოს შესაბამისობაში ევროპის მოთხოვნებთან და ჩვენც ისეთივე დონის სურსათის უვნებლობის სტანდარტები გვქონდეს ქვეყანაში, როგორიც ევროკავშირს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.