დღეს, საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება საზეიმო მიღება, რომელიც ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას ეძღვნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ღონისძიებაზე შედგება წიგნის - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - პრეზენტაცია, სადაც შეტანილია ქართული ანბანის ისტორია მისი სათავეებიდან დღემდე. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
„წიგნი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, „თი-ბი-სი ბანკის“ დაფინანსებით გამოიცა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამივე ელემენტი: ქვევრის ღვინო, ქართულ მრავალხმიანობა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
„თი-ბი-სი ბანკი“ პროექტში „#წერექართულად“ ინიციატივის ეგიდით მონაწილეობს. „#წერექართულად“ ქართული ანბანის პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტია, რომელიც „თი-ბი-სი ბანკმა“ გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ანბანის გაცოცხლება, მისი პოპულარიზება, ციფრულ სამყაროში გადატანა და გამდიდრებაა.
ქართული ანბანის მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო. შედეგად, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა შეტანილი იქნა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში“, - აღნისნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
ღონისძიების მასპინძელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და „თი-ბი-სი ბანკი“. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.