აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ანსამბლ "ბათუმის" საიუბილეო კონცერტს დაესწრო, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. კონცერტს ოფიციალურ სტუმრებთან ერთად აჭარის მთავრობისა და ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 25 წლის იუბილე ბათუმელების საყვარელმა ჯგუფმა განსაკუთრებული კონცერტით აღნიშნა. კონცერტის ფარგლებში ფოლკლორულ სიმღერებთან ერთად ანსამბლის წევრებმა ქალაქური და საესტრადო სიმღერებიც შეასრულეს.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს წილად მხვდა ბედნიერება დავსწრებოდი ქართული მრავალხმიანი სიმღერის ზეიმს - ანსამბლ ბათუმის საიუბილეო კონცერტს. ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრება წარმოუდგენელია ანასამბლისა და მისი შემოქმედების გარეშე. ,,ბათუმი“ არა მარტო ჩვენი ქალაქის, საქართველოს სახეა. მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ რეგიონისა და ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. ანსამბლის წევრებმა დაუღალავი, ნაყოფიერი შრომითა და ნიჭით დაიმსახურა ხალხის უზომო სიყვარული. გისურვებთ მომავალში უფრო და უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას და წინსვლას“-აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ.
ანსამბლ ბათუმის ვოკალური ჯგუფი 1991 წელს შეიქმნა და 9 წელი ქორეოგრაფიული ჯგუფის შემადგენლობაში იყო. 2000 წელს ჯგუფს აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის სტატუსი მიენიჭა.
ანსამბლ ,,ბათუმში“ 14 წევრია. მათ რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის 150-მდე ხალხური, 80 ქალაქური, 20 კლასიკური სიმღერა და 40 საეკლესიო საგალობელი შედის.
2011 წელს ანსამბლ ,,ბათუმს“ ვარსკვლავი გაუხსნეს. ასევე ანსამბლმა მიიღო მართლმადიდებელ საგალობელთა გრან-პრი. წლების განმავლობაში ,,ბათუმი“ არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი გახდა.
საიუბილეო კონცერტი ბათუმის მერიისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერით გაიმართა