საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძღაობის" ყრილობის გადადებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ყრილობა დანიშნულ დროს, 20 იანვარს უნდა გაიმართოს.
"20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს, საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად"-წერს მიხეილ სააკაშვილი.
მან ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი დაივთ ბაქრაძე სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, თანამპარტიელებისთვის ,,მოღალატეები“ არ უწოდებია.
"დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო, თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში სიტყვა "მოღალატე" არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ, გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია",-წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე".