სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, თუმცა მისივე თქმით, თუკი ეს მოხდება, სოციალურად დაუცველ ფენას არ დააწვება.
”რაც ვნახე, მათ შორის სემეკის განცხადებებიდან გამომდინარე, ის რომ გაიზრდება გაზის ან ელექტორენერგიის ტარიფი, ამის აუცილებლობა და რეალური სურათი ჯერჯერობით არ ჩანს. მთავრობა სემეკთან თანამშრომლობით ყველა ნაბიჯს დგამს, თუმცა სემეკი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ტარიფებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, ხოლო თუკი ეს მაინც მოხდება, სოციალურად დაუცველ ფენას არ დააწვება”, - განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს.
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური მოქალაქეებისთვის - ეს მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
მარეგულირებელი კომისიის წევრები დღეს ჰიდროელექტროსადგურების ტარიფის ზრდაზე იმსჯელებენ. სწორედ მათ დღევანდელ სხდომაზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ არა მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის საფასური.
მარეგულირებელმა კომისიამ პროდუქციის გაძვირების ნებართვა 4 თბოელექტროსადგურს უკვე მისცა. უშუალოდ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფებს კი სემეკი 26 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.