დღეს ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს მთავრობას 1087-ე სხდომაზე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოზე მიღებული ანგარიში გადასცა.
"საქართველოს ხელისუფლება აფასებს ევროსაბჭოს მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის მუშაობას. ანგარიშში გაწერილ ყველა რეკომენდაციას გულმოდგინედ შევისწავლით და განვაგრძობთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ECRI -სთან. სამინისტროს აგრეთვე სურს აღნიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული დოკუმენტი საჯარო გახადოს საქართველოს მთავრობისთვის მისი ოფიციალურად გადმოცემის დროს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვაშაძის უწყება ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებას იზიარებს, რომ "არსებული მდგომარეობა ხელს უშლის ECRI -ს შეისწავლოს მოსახლეობის მდგომარეობა იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, ვისთვისაც განკუთვნილია არსებული ანგარიში, ამ ეტაპზე ვერ აკონტროლებს".
მოხსენებაში ნათქვამია, რომ "საკუთარი მანდატის თანახმად, ECRI თავის ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით".
გარდა ამისა, EჩღI-ს სურს გამოხატოს შეშფოთება მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შექმნილ სერიოზულ შეზღუდვებზე, რომლებსაც აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები აწყდებიან.
"საქართველოში არსებულ ვითარებაზე მომდევნო განხილვების დროს, ECRI -მ და ევროპის საბჭოს სხვა მონიტორინგის მექანიზმებმა უნდა შეისწავლონ მოსახლეობის მდგომარეობა საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილებში, რომლებიც თვით ამ ანგარიშის 51-ე პარაგრაფშიც მოხსენიებულია, როგორც "ოკუპირებული ტერიტორიები". საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკური სტრუქტურები, კერძოდ, მინისტრთა კომიტეტი და გენერალური მდივანი იმოქმედებენ ეფექტურად, რათა აიძულონ საოკუპაციო ძალები მისცენ ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმებს საკუთარი მანდატის განხორციელების საშუალება. ამავე კონტექსტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ანგარიშში მოხსენიებულია "საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით",- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ქვემოთ მოყვანილი განცხადება გაკეთდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების 1087-ე შეხვედრაზე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ.