საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ალეპოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადდების მიღება არაფერს შეცვლის.
,,უმძიმესია იმ კადრების ყურება, როგორ ხდება ალეპოში იმ ადგილების დაბომბვა, სადაც სამოქალაქო დასახლებებია და ბავშვები ცხოვრობენ. საქართველო ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო დონეზე, რაც შეიძლება გააკეთოს ჩვენნაირმა ქვეყანამ; უერთდება ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუშავდება. საქართველოს პარლამენტის მიერ რაიმე ასეთი ტიპის დოკუმენტის შემუშავება, თუ რეალისტები ვიქნებით, ვიცით, რომ პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება პოზიციის დაფიქსირებას, პოზიცია ყველანაირად დაფიქსირდა უკვე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კიდევ დამატებით წერილობითი დოკუმენტით არის საჭირო ამ პოზიციის დაფიქსირება და ჩვენი გულისტკივილის გამოხატვა, მე მგონი, ამაზეც შეიძლება მსჯელობა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მან განმარტა, რომ გუშინ ამ საკითხის დაყენება ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგვიანებით მოხდა და განცხადების ტექსტი დეპუტატებს წაკითხული არ ჰქონდათ, თუმცა ის მოგვიანებით გაეცნო ტექსტს, რომლის შინაარსიც, დეპუტატის შეფასებით, მისაღებია.