დღეს, 9 ივნისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება დმანისის ფოლკლორული ანსამბლის "შგარიდას~ სოლოკონცერტი. საღამო ტარდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკის მიმართულების პროექტის _ "შიდამიგრაცია და ეთნოკულტურული ტრადიციების~ _ ფარგლებში (ავტორი _ ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი).
პროექტის მიზანია სხვადასხვა დროს საქართველოს ამა თუ იმ კუთხიდან სხვა რეგიონში კომპაქტურად ჩამოსახლებული ეთნიკური ჯგუფების, _ ძირითადად მთიელების, _ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტრადიციებისა და მათი მუსიკალური მემკვიდრეობის დაფიქსირება; მოპოვებული მასალის სისტემატიზაცია და შედარებითი მეცნიერული ანალიზი; ამ ტრადიციების პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ზემო სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული ასობით ოჯახი ქვემო ქართლში _ დმანისის რაიონში ჩამოსახლდა. ამ ადამიანთა სურვილი, შეენარჩუნებინათ თავისი კუთხის ძირძველი ფოლკლორული ტრადიციები, გახდა ანსამბლის შექმნის საბაბი, რასაც 2002 წელს გურგენ გურჩიანის ძალისხმევითა და თავკაცობით შეესხა ხორცი.
"შგარიდა~ მიზნად ისახავს უძველესი სვანური ხალხური სიმღერებისა და საღვთო ჰიმნ-საგალობლების აღდგენა-გაცოცხლებას. მათს რეპერტუარში სხვადასხვა სვანური კილოკავის არაერთი ასეთი სიმღერა და ფერხული მოიპოვება. საღამოზე შესრულდება ანსამბლის მიერ აღდგენილი უძველესი სიმღერა-საგალობელი "გა~, ბალსქვემოური "ზარისა~ და წმინდა გიორგის სადიდებელი სიმღერის "ჯგრაგიშის~ განსხვავებული ვარიანტები, "გაბრიელ მახარობელი~, იშვიათი სიმღერა "ზაშინავა~ და სხვა სიმღერა-ფერხულები.