დღეს უკვე ლარის მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსი გვაქვს, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრისას. მისი შეფასებით, 1 დოლარის ფასი 2.6599 ლარს შეადგენს, რაც არის პრაქტიკული პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც პარლამენტში დაისვა.
,,მე შეიძლება ვთვლიდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლარის დასტბილურება, ეკონომიკის წინ წაყვანა, ქვეყნის მართვა, მაგრამ არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით. ცურვა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირზე იმყოფები, მაგრამ როდესაც მუდმივად ქვემოთ და ქვემოთ ეშვები, ეს ცურვა აღარ არის, ეს მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსია, რა მდგომარეობამდეც თქვენს მიერ გატარებულმა ნაბიჯებმა მიიყვანა ლარი და ამ მთელი დიკუსიის ფონზე არის პასუხი იმისა, თუ როგორ იქცევა მთავრობა, როგორ რეაგირებს ბაზარი და ეკონომიკა თქვენს ნაბიჯებსა და თქვენს გამოჩენაზე”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანა შედის ძალიან ღრმა კრიზისში, საიდანაც მის გამოყვანას დღევანდელი ხელისუფლება ვერ შეძლებს.