საპარლამენტო უმცირესობის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, როცა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, კომისიის შექმნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
"სამწუხაროდ, ოთხი წელი ,,ქართულ ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის კინკლაობას ვუყურებთ, რომელსაც საქართველოს ბევრი ინტერესი შეეწირა. ძალიან ცუდია, რაც ხდება. ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე ისევ კინკლაობის რეჟიმში ვართ", - განაცხადა ხოშტარიამ.
საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიას თანათავმჯდომარეები არ ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყვნენ.
პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს, თუმცა გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატის „აქტიურად ამუშავებას“ გეგმავს.