პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონოდა წამყვანი როლი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში პრეზიდენტს.
ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს ყოველთვის საკანონმდებლო ორგანო ხელმძღვანელობდა, რადგან ყველა შესაბამისი სამართლებრივი საკითხი პარლამენტში წარიმართება და წყდება.
„საქართველოს ისტორიაში პირველად არ ხდება, როდესაც საკონსტიტუციო კომისია იქმნება. საკონსტიტუციო ცვლილელებზე მუშაობის პროცესი არასდროს გასულა პარლამენტის ხელმძღვანელობიდან და არასდროს პრეზიდენტი არ ყოფილა ამ პროცესის ხელმძღვანელი“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ამ ეტაპისთვის უცნობია, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პროცესების განვითარებას დააკვირდებიან და მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.