დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას შეფასებით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დახვეწილი და სრულყოფილია. მისი თქმით, პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან პრიორიტეტს ითვალისწინებს და მათ შორსაა ქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებები, საბავშვო ბაღების მშენებლობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა, ქალაქის ისტორიული ნაწილის აღდგენა, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით.
,,ასევე, ბიუჯეტი ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესებას როგორც ავტობუსების პარკის განახლების, ასევე თბილისის მეტროპოლიტენის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ასე რომ, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ქალაქში. ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი და სრულყოფილი”, - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით უმცირესობას მთელ რიგ შემთხვევაში ჰქონდა ძალიან პოპულისტური მოთხოვნები, ამიტომ მათი ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა.
,,ჩვენც ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით. აღნიშნული მოთხოვნა ჰქონდა უმცირესობასაც და შესაბამისად, ეს გათვალისწინებულია. თუ არ უნდა ოპოზიციას, რომ მხარი დაუჭიროს პროგრესზე და ქალაქის განვითარებაზე მორგებულ ბიუჯეტს, ეს მათი ნებაა. არ დაუჭერენ და ნუ დაუჭერენ”, - დასძინა დედაქალაქის მერმა.