ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რუსეთს მიზანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო მდგომარეობის მუდმივად შენარჩუნება წარმოადგენს, რაც მათ გამოსდით კიდეც.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ეს არის ფარსი, რომელიც ყველა მხარეს აწყობს, მათ შორის დასავლეთსაც, ვინაიდან ამ კონფლიქტის მოგვარების შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ დასავლეთს აწყობს, რომ რაღაც ფორმატი არსებობდეს, სადაც კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგი ექნებათ. ამით გარკვეულწილად დასავლეთი ნაწილობრივ იცილებს პასუხისმგებლობას, რომ კონფლიქტის მოგვარებაში უფრო აქტიურად ჩაერთოს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთი კი ამ მოლაპარაკებით ქმნის ისეთ სურას, რომ აფხაზები, ქართველები და ოსები ერთმანეთში არკვევენ საქმეს, რეალურად კი კრემლის მიზნების და ინტერესების გახმოვანება სწორედ სეპარატისტების სახელით ხდება.
"რუსეთს, ძალიან მზაკვრული პოზიცია უკავია. თითქოს დიალოგის რეჟიმში თუ ქართველები აფხაზები და ოსები რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწევენ ის მხარს დაუჭერს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. აფხაზები და ოსები ამ შეხვედრებზე იმ პოზიციას აჟღერებენ, რომელიც რუსეთს სჭირდება და აწყობს. კრემლის მიზანია ამ რეგინებში დე ფაქტო მდგომარეობა მუდმივად შეინარჩუნოს, ამას აღწევს კიდეც", - განაცხადა სესიაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, ქართულ მხარეს მიერ დაყენებული წინადადებები კი რეალურად მიუღწევადია, რადგან დე ფაქტო სიტუაცია კრემლს აწყობს და ის საქართველოს წინადადებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო პოლიციური ძალების შეშვების საკითხს არასდროს დასთანხმდება.