განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა განათლების სამინისტროს ცენტრალური ამოცანაა. მისივე ინფორმაციით, უწყებაში ოპტიმიზაციის პროცესი მუდმივად გაგრძელდება.
„სამინისტროში ოპტიმიზაცია მე რომ მოვედი იმ მომენტიდან დაიწყო და მუდმივად გაგრძელდება. ფაქტობრივად, ჩვენ ყოველთვის უნდა გავძლიერდეთ ზოგიერთი მიმართულებით, რომელიც სტრატეგიული იქნება და სადაც ზედმეტობა გვექნება, ის უნდა შევამციროთ. იმიტომ, რომ ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა ჩვენი ცენტრალური ამოცანაა“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, განათლების უწყებაში ბევრი თანამშრომელია. შესაბამისად, მინისტრის განმარტებით, „ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი“.
,,შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის „ბექ ოფისის“ მხარდამჭერი ფუნქციები, იქ „მოვუჭიროთ“. დაახლოებით, ერთ კვირაში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მინისტრმა.