დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მისი განმარტებით, ოპტიმიზაცია დაახლოებით 10%-ის ფარგლებში განხორციელდება. მისივე თქმით, არის ოპტიმიზაციის გეგმა, რომელიც რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიული პირის გაერთიანებას და ამ გზით უფრო ეფექტური სისტემის შექმნას გულისხმობს.
„ეს არ გულისხმობს საშტატო ერთეულების მნიშვნელოვან შემცირებას. ძირითადი ორიენტირი არის ის, რომ დაიზოგოს ადმინისტრაციული ხარჯები. თუკი ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას ვნახავთ, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ყოვეწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. ეს ხდება როგორც პრემიების, ასევე საქონლისა და მომსახურების კუთხით, რაც ადმინისტრაციულ ხარჯში გადის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ლექვინაძემ.