8 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში (აღმაშენებლის გამზ. 40) გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეატრმცოდნე - მარიკა მამაცაშვილის მონოგრაფიის - „პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი - 2X2 ≠ 4" - პრეზენტაცია.
„პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი" სათეატრო რეჟისურას შეეხება. წიგნში განხილულია თეატრი მთელი თავისი სირთულეებით: თეატრი, როგორც კულტურის ერთ-ერთი სახელოვნებო დარგი, მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილებით, როგორებიცაა: დრამატურგია, სამსახიობო შესრულების ტექნიკა, თეატრალური სივრცე, კოსტიუმი, გრიმი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, მაყურებელი, და ბოლოს, რეჟისურა, როგორც ყოველივე ამის გამაერთიანებელი.
ავტორის აზრით, პიტერ ბრუკის შემოქმედების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მან არა მხოლოდ გაიზიარა მსოფლიო თეატრის კულტურული გამოცდილება, არამედ ახლებურად წარმოაჩინა საკუთარ შემოქმედებაში. ბრუკმა მეცნიერებაც კი ხელოვნების სამსახურში ჩააყენა. სწორედ ამიტომ, იგი ერთდროულად რეჟისორიცაა და მეცნიერიც. ის არა მარტო პრაქტიკოსი რეჟისორია, არამედ საკუთარი შემოქმედების და მთლიანად თეატრის დაუღალავი მკვლევარიც.