საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებს არ მოაკლდეთ არცერთი სიკეთე, რასაც მათ ზურაბ ჟვანია შეუქმნიდა. ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას მან ასევე აღნიშნა, რომ საქმე შესაძლოა გაგრძელდეს, ვინაიდან ეს არის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე.
"ჩვენ უნდა შევხედოთ მომავალს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ბატონი ზურაბ ჟვანიას ოჯახის, მეუღლის და შვილების კეთილდღეობა, მათი მომავალი და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის (დარწმუნებული ვარ, საზოგადოების განწყობაც ეს არის), რომ ტკივილი და ტრაგედია, რომელიც ამ ოჯახმა განიცადა, შემსუბუქდეს და მის ოჯახს, განსაკუთრებით შვილებს არ მოაკლდეთ არც ერთი სიკეთე, განვითარების შესაძლებლობები და ის შესაძლებლობები ზოგადად, რომელსაც მათ ბატონი ზურაბ ჟვანია შეუქმნიდა, რომ ყოფილიყო ცოცხალი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ოჯახის მომავალი",- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ბუნებრივია, საუბარი იქნებოდა და შეიძლება გაგრძელდეს მომავალშიც, ვინაიდან ეს არის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად ცნო.