პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესს ახლდა ხარვეზები, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას გავლენა არ მოუხდენია
,,რა თქმა უნდა, ხარვეზები თან ახლდა საარჩევნო პროცესს. ეს, ზოგადად, საარჩევნო პროცესებისთვის არის დამახასიათებელი. მთავარია ის, რომ არსებითად არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში და იმ ხარვეზებს, რომელიც იყო, არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ეს არის უმთავრესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის საბოლოო შედეგში.