დღეს, 8 ივნისს, 16:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერგი ჭილაიას წიგნის "ეკატერინე ჭავჭავაძის" პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სერგი ჭილაიას მოწაფეები, თსუ-ის რექტორატი, უახლესი ქართული ლიტერატურის პროფესორები.
წიგნი რუსუდან ნიშნიანიძის რედაქტორობით გამომცემლობა "არტანუჯმა~ გამოსცა. მასში აღწერილია ეკატერინეს ურთიერთობა XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის მეთაურებთან ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან; ეკატერინესა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სიყვარული, ეკატერინეს ქორწინება სამეგრელოს უკანასკნელ მთავარ დავით დადიანზე, მისი ცხოვრება სამეგრელოში, პეტერბურგსა და პარიზში.
სერგი ჭილაია დაიბადა მარტვილში. 1936 წელს დაამთავრა თსუ. 1940 წელს მოიპოვა ფილოლოგიური მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1929-31 წ. მუშაობდა პედაგოგად ჯერ საინგილოში (სოფელ კახში), შემდეგ თიანეთის რაიონში (სოფელ სიმონიანთხევში). 1937-42 ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად. 1942 წლიდან შეთავსებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1951 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1938 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა და მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგედ.