9 ივნისს, 17:00 საათზე, ა. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპურ კლუბში (მ. კოსტავას ქ. #37), გაიმართება ივანე ჯაფარიძის წიგნის _ "მყინვარწვერიდან ევერესტამდე~ _ პრეზენტაცია.
წიგნში საარქივო მასალის გამოყენებით წარმოჩენილია ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია 1923 წლიდან 1991 წლამდე, როცა გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ასვლით დასაბამი მიეცა მთამსვლელობას საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების წელს რომან გიუტაშვილმა ქართველთაგან პირველმა შედგა ფეხი დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე და ფრთები შეასხა ყველა თაობის მთამსვლელთა ოცნებას.
წიგნში გაშუქებულია ქართველ მთამსვლელთა საეტაპო, მნიშვნელოვანი ასვლები. აგრეთვე ის ასვლები, რისთვისაც საქართველოს გუნდებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. გაცოცხლებულია ქართული მთამსვლელობის ფუძემდებლებისა და იმ მამულიშვილთა სახეები, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს როგორც მთამსვლელობაში, ასევე ქართულ მეცნიერებაში, მწერლობასა თუ ხელოვნებაში. სხვადასხვა თაობის მთამსვლელთა მოგონება-თავგადასავლებში აღწერილია მწვერვალებზე ასვლის პერიპეტიები, თოკის მეწყვილეთა პორტრტები, განსაზღვრულია მთამსვლელობის - ამ ვაჟკაცური სპორტის როლი და მნიშვნელობა ადამიანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.