9 ივნისს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორ რობერტ სტურუას საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრიდან აცნობა, ალბომში "რობერ სტურუა", რომელიც ამ ორი ტომისგან შედგება, სტურუა საკუთარ წინაპრებზე, ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა და აღმოჩენებზე იუმორით ყვება.
ალბომში თავმოყრილია რობერტ სტურუას შემოქმედების ამსახველი საგაზეთო და საჟურნალო სრული ინფორმაცია, მის მიერ თბილისში, რუსეთსა თუ საზღვარგარეთ დადგმული სპექტაკლების ფოტომასალა.
ალბომის შექმნის იდეა რუსთაველის თეატრის საგანმანათლებლო განყოფილების გამგეს _ აკაკი კუჭუხიძეს ეკუთვნის, ხოლო წიგნის ავტორი და შემდგენელია ცნობილი ქართველი თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილი.
წიგნი სამენოვანია _ ქართული, რუსული და ინგლისური. პროექტს ხელმძღვანელობდა რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა.