საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დამწყები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის სანდრო დარსაველიძის გამოფენა დაათვალიერა, რომელიც 30 ნოემბერს „ღია გალერეაში“ გაიხსნა.
“არაჩვეულებრივად პროფესიონალურად, ძალიან შემოქმედებითად ხედავს სანდრო სამყაროს და ძალიან ინდივიდუალურია მისი ხედვა. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებული ფოტოები, რაც ძალიან შთამბეჭდავია. კომპოზიცია, ფერის გრძნობა, თვითონ ეს იდუმალება, ყველაფერი მიანიშნებს იმისკენ, რომ სანდრო არის ნამდვილი შემოქმედი. მე დღეს აღტაცებული დავრჩი მისი შემოქმედებით“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
სანდრო დარსაველიძე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ახალგაზრდა ფოტოგრაფია, რომლის გამოფენა-გაყიდვას ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ღია გალერეა მასპინძლობს. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა სანდრო დარსაველიძის გადაწყეტილებით ბავშვთა ჰოსპისს გადაერიცხება. ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე გამოფენაა, რომელიც „ღია გალერეაში" ტარდება და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების შესაძლებლობებს ეძღვნება.