დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე კახეთის რეგიონს სტუმრობდა სადაც, ყვარელში ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგოს დამონტაჟების პროცესს დაესწრო. საგუშაგო მეტეოროლოგიური პარამეტრების მზომი ხელსაწყოებით და სათანადო პროგრამული და სატელეკომუნიკაციო საშუალებებით აღიჭურვა.
„დავიწყეთ საქართველოს ყველა რეგიონში ავტომატური ელექტროსადგურების დამონტაჟება, რაც პრაქტიკულად გვაძლევს რეალურ საშუალებას გვქონდეს ამინდის ზუსტი პროგნოზი ყველა რეგიონში. დღეს პროგნოზირება აღარ არის დასაცინი, რაც გასულ წლებში ხდებოდა. ჩვენ ვვითარდებით სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიებით და ერთერთი ასეთი დანადგარი დავამონტაჟეთ ყვარლის რაიონში, რომელიც პრევენციის გატარებისთვის არის საუკეთესო საშუალება", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჩვეულებრივი (არაავტომატური) საგუშაგოსგან განსხვავებით, ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგო მეტეოროლოგიური პარამეტრების დროში უწვეტად დღე-ღამურ რეჟიმში გაზომვისა და გაზომილი მონაცემების გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაუყოვნებლივ გადაცემის საშუალებას იძლევა. ავტომატური მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებები პირველად საქართველოში, ქ. ყვარელში ინერგება.
გაზომილი მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ შესაბამისი გაფრთხილებების დროულად მომზადებას და ამ მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას ან შერბილებას.