22 ნოემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში ლეგენდარული თეატრალური მხატვრის კარლო კუკულაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ თეატრის, ოპერისა და ბალეტისათვის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ესკიზები და ფერწერული ტილოები რომლებიც მხატვრის ოჯახსა და ხელოვნების სასახლის კოლექციებშია დაცული.
გამოფენის გახსნასთან ერთად, ღინისძიებაზე კარლო კუკულაძისადმი მიძღვნილი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. მხატვრის საუკეთესო ნამუშევრების კრებული თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხელოვნების სასახლის მიერ გამოიცა.
კარლო კუკულაძის შემოქმედებითი გზა გრძელი და საინტერესოა. შემოქმედების ორმოცი წელი ოსტატმა საქართველოს საოპერო ხელოვნებას მიუძღვნა და ფერების ენაზე არაერთი მნიშვნელოვანი საოპერო და საბალეტო სპექტაკლი გააცოცხლა. აღსანიშნავია აკ. კერესელის მუსიკაზე დადგმული „ბაში-აჩუკი“, ა. ბალანჩივაძის „მზია“, პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, „ქოშები“, „გედების ტბა“, ლ. დელიბას „ლაკმე“, დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი”, და მრავალი სხვა.
ნიჭიერი ახალგაზრდა უკვე მესამე კურსიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტაჟიორად ირიცხებოდა რაც აკადემიის დასრულებისას მისი შტატში გაფორმებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 1934 წლიდან მოსკოვის აკადემიურ თეატრში როგორც გამორჩეული ნიჭის მხატვარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაიგზავნა და უკვე 1946 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, გამოცდილი ოსტატი დაუბრუნდა.
ოპერისა და თეატრის დასთან ერთად მხატვარი გასტროლებზე პოლონეთში, რუსეთში და მრავალ სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა. პარიზის და ამერიკის საერთაშორისო გამოფენებში მანაწილე კარლო კუკულაძეს არაერთი სერიოზული ჯილდო აქვს მიღებული.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.