,,რუსთავი 2“ - ის იურისტი თამთა მურადაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის საქმე არ არის სამართლებლივი დავა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა შედეგი იქნებოდა.
„საკითხი შეიძლება ორ ჭრილში განვიხილოთ, პირველი თუ სუფთა სამართლებრივი კუთხით შევხედავთ და ჩავთვლით, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონით, მაშინ წარმოუდგენელია დადგეს სხვა შედეგი, გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გაუქმდეს წინა ინსტანციის გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს. თუმცა ვიცით, რომ ეს არ არის სამართლებრივი დავა. ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დავა, სხვანაირი შედეგი გვექნებოდა დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოსამართლეების იმედად, კერძოდ მათი დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმის, პიროვნული სიძლიერის იმედად,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
სამაუწყებლო კომპანიის იურისტები არ გამორიცხავენ, რომ უზენაეს სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდეს, რადგან მათი განმარტებით, უზენაესმა სასამართლომ სხდომა ისე ჩანიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის ამოწურვას არ დაელოდა.
უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე დღევანდელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე შედგება. ამ დრომდე უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სხდომა. რუსთავი 2 მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს. გადაწყვეტილების მიღების ბოლოვადა 25 იანვარია.