,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ,,მთავრობაში სახეთა ცვლილება ქვეყანაში არაფერს შეცვლის”.
„ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ადგილების გადანაცვლებით, ან ადამიანების გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება. ეს არის წარუმატებელი მთავრობა და სრულიად უცნაურია, რომ აქ სახეებიც კი არ იცვლება. მაგრამ სახეებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს ბრძანებებს და ისინი დაემორჩილებიან ნებისმიერ ბრძანებას,“ - აცხადებს სერგო რატიანი.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ხვალ გახდება ცნობილი. მათ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონდებლო ორგანოდან, უმრავლესობის რამდენიმე წევრი გადაინაცვლეს. ცვლილებები იქნება სავარაუდოდ, შემდეგ უწყებებში - ფინანსთა მინისტრს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს. ეკონომიკის მინისტრი კი უმრავლესობის წევრი გიორგი გახარია გახდება.
ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება ამჟამად დეპუტატი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, ზურაბ ალავიძე დაიკავებს, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას კი ვიქტორ დოლიძე. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება. სხვა უწყებებში ამჟამად არსებული ინფორმაციით, ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.