კონსტიტუციური რეფორმების გატარება უნდა მოხდეს, რაც შეიძლება ინკლუზიურად - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ახალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
,,მქონდა ძალიან გახსნილი, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი პარლამენტის ახალ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, მის საპარლამენტო გუნდთან და ჩვენს ელჩთან. პირველ რიგში, ვულოცავ მას სპიკერობას, ისევე, როგორც ”ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას. ძალიან დიდი შესაძლებლობაა, საქართველოს წინსვლა შეინარჩუნო, მაგრამ ამავდროულად, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული ეროვნული მნიშვნელობის ტერიტორიებზე ფოკუსის მოხდენა. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ წინ წავიდნენ. შემიძლია ვურჩიო კონსტიტუციური რეფორმების გატარება, რომელიც ასევე იყო ნახსენები და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება ინკლუზიურად - მთავრობის, პარლამენტისა და ოპოზიციის ჩართულობით, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობაც. მოხარული ვარ, მათი მზაობით, იყვნენ ინკლუზიურები, იმუშაონ იმ მოდელით, რომელიც ჩვენს ერთობლივ ინტერესებს შეესაბამება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს სპიკერთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან საუბარშიც აღვნიშნე. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები”, - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.
შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდა.