19 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში (მის: თავისუფლების მოედანი 1) ფოტოკლუბ „ბერთის“ გამოფენა მოეწყობა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოკლუბის წევრების მიერ 2016 წლის განმავლობაში, პანკისის ხეობაში გადაღებული ფოტოები.
ფოტოკლუბი „ბერთი" დაარსდა პანკისის ხეობის სოფლებში - დუისსა და ბირკიანში 2015 წელს, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივით. 2016 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ფოტოკლუბის საქმიანობაში კიდევ სამი სოფლის - ომალოს, დუმასტურისა და ხალაწანის ახალგაზრდები ჩაერთნენ.
ფოტოკლუბი „ბერთი" წარმოადგენს სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო. ფოტოკლუბ "ბერთის" წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ დროის განმავლობაში მათ ობიექტივში მოექცა მთელი ხეობა - ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი პანკისის ხეობის ცხოვრებიდან.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, მომავალშიც შეძლოს დამოუკიდებლად არსებობა, კლუბის ახლანდელმა წევრებმა ფოტოგადაღება ასწავლონ კლუბის მომავალ წევრებს და „ბერთი" გახდეს ის განსხვავებული, საინტერესო და შემოქმედებითი ადგილი, რომელიც დააინტერესებს და გააერთიანებს პანკისელ ახალგაზრდებს.
გამოფენა გაგრძელდება 24 ნოემბრამდე გასტანს.