დღეს, 19 ნოემბერს, ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალებიდან 54 წელი შესრულდა. მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს ქალაქ ჟენევაში გარდაიცვალა.
რობაქიძე 1882 წლის 28 ოქტომბერს იმერეთში, სოფელ სვირში (მაშინდელი ქუთაისის გუბერნია) დაიბადა. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიპციგის უნივერსიტეტი (გერმანია). გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს რობაქიძე იყო "ცისფერყანწელების" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან - შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. კავშირის თავმჯდომარე გახლდათ ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი. რობაქიძე იყო, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე.
რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვადასხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა "გველის პერანგი", "დემონი და მითოსი", "ჩაკლული სული", "გრაალის მცველნი", "მეგი - ქართველი ასული" და სხვა. დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა "კავკასიური ნოველები". რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.
მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.