ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით, ლარის კურსის არასტაბილურობა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ქართული ეკონომიკა მთლიანად უცხოურ ეკონომიკაზე იქნება დამოკიდებული.
"როცა ქვეყანას გრძელვადიან ჭრილში ხელისუფლებას არ შეუძლია სტაბილურად შეინარჩუნოს ლარი, ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ინექციების საშუალებით ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთჯერადი და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი ქმედებები. საქართველოს სავაჭრო სალდო არის მკვეთრად უარყოფითი. მოსახლეობა პროდუქციის მოხმარების კუთხით დამოკიდებულია უცხოურ პროდუქტზე. მის შესაძენად კი ქვეყანაში შემოსატანად დოლარია საჭირო, ამიტომ ქვეყანაში დოლარზე მაღალი მოთხოვნა ლარის დაბალ მოთხოვნას განაპირობებს, რაც მის ნაკლებ სტაბილურობას იწვევს. დოლარზე დიდი მოთხოვნა კი ლარის დევალვაცია და მისი მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ლევან კალანდაძემ და აქვე დასძინა, რომ ლარი სტაბილური ვერ გახდება, თუ სავაჭრო სალდო მეტ-ნაკლებად არ დაბალანსდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტმა მაგალითი მოიყვანა, კერძოდ კი საერთო სავაჭრო ბრუნვის 5 მილიარდიდან 80% იმპორტია და 20% მოდის მხოლოდ იმპორტზე. კალანდაძის შეფასებით, სანამ ეს ნიშნული ერთმანეთს არ დაუახლოვდება ლარის სტაბილურობა გამორიცხულია.
ამასთან, ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, დღეისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ლარის სტაბილურობაზე შეიძლებოდეს საუბარი, რასაც ემატება მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორიც, როგორიცაა საბიუჯეტო კრიზისი.
"ხელისუფლება თავისთავად არ აღიარებს საბიუჯეტო კრიზის და იძახის, რომ ყველაფერი გამოსწორდა. ფაქტია, რომ რაღაც მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა მართლაც გამოსწორდა, მაგრამ საბიუჯეტო კრიზისი, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების კუთხითაც ჯერ კიდევ არსებობს. რეალურად ჩვენი ეკონომიკა ემსგავსება ავადმყოფს, რომელიც ინექციის სახით სხვადასხვა მედიკამენტებს იღებს. ამ შემთხვევაში ეს მედიკამენტებია უცხოეთიდან შემოსული დახმარებები, უცხოეთში აღებული კრედიტები და შიდა წყაროდან აღებული კრედიტები. ამასთან, უცხოეთიდან კრედიტის აღება ნიშნავს იმას, რომ რეალურად ჩვენი ლარის სიმყარის საფუძველი საქართველოში სამწუხაროდ არ გავქს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარშუ კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, თუ ლარის ინფლაცია გაგრძელდა ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის ფატალური იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ლარის მსყიდველუნარიანობა კიდევ უფროს შემცირდება.