პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვა სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლეებისადმი საუბარს ჰგავდა, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა. თუმცა, მისივე შეფასებით, მიმართვა მაინც საინტერესო იყო.
"როცა პარლამენტში შემოვედი, თავი სკოლაში მეგონა, პრეზიდენტის გამოსვლამ კი ეს განცდა კიდევ უფრო გამიმწვავა, რადგან მისი საუბარი სკოლის დირექტორისას ჰგავდა. ცოტა არ იყოს, მისმა დამრიგებლურმა ტონმა გამაოცა, მაგრამ, ესეც გასაგებია. არის მიმართულები, რომელიც მიმაჩნია ძალიან საინტერესოდ. მართლმსაჯულების მიმართულება არის ერთ-ერთი და პოლიტიკური პატიმრების საკითხის ბოლომდე მიყვანა, ეს არის ის ნაწილი, რომელმაც მე დამაინტერესა.
ცოტა მოძველებული თემები არის მედიათავისუფლება და მემგონია, ეს პრობლემა ამ ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ ბოლომდე რომ არის დასაცავი, ამაში ვეთანხმები, მაგრამ ის, რომ ეს იყოს დღევანდელი პრობლემა, არამგონია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, გაუკვირდა, რომ პრეზიდენტმა არ ახსენა უცხოეთში მყოფი ქართველების ბედი.