2016 წლის 20 ნოემბერს, 12:00 და 18.00 საათზე, დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული კოლექტივების წლიური შემაჯამებელი ღონისძიება დევიზით „ბრავო ომარ!“. პროექტის ორგანიზატორია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, იგი იმართება ქალაქ თბილისის მერიისა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF მხარდაჭერით.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული კოლექტივები, მათ შორის, ომარ მხეიძის სახელობის სტუდიებთან არსებული უკვე გარკვეული დამსახურების მქონე ანსამბლები.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი, პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვებს გამოჩენილ ქორეოგრაფებს საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენით, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით და საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით.
გამოვლინდება „წლის საუკეთესო ქორეოგრაფი“; „წლის საუკეთესო რეპეტიტორ-ქორეოგრაფი“; „წლის საუკეთესო პედაგოგ-ქორეოგრაფი“; წლის საუკეთესო მოცეკვავეს გადაეცემა ჯემალ ნავროზაშვილის სახელობის პრემია.
წარმატებულ საბავშვო ანსამბლებს მიენიჭებათ „სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება“, გადაეცემათ ომარ მხეიძის სახელობის პრიზი, ღონისძიების ყველა მონაწილე ბავშვი დაჯილდოვდება სპეციალური დიპლომებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია, საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა ფონდი და საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი.