ხვალ, 7 ივნისს, თბილისში კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება - "მე მიყვარს ვაჟა-ფშაველა" გაიმართება. ღონისძიება სოფელ არალის მოძღვრის მამა იოსების ორგანიზებითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამონაწილეობით ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან სოფელ ჩარგალში მცხოვრები ბავშვები. პატარები მთის ყვავილებითა და ბალახებით პატივს მიაგებენ ვაჟა-ფშაველას საფლავს, დაათვალიერებენ მთაწმინდის პანთეონსა და პარკს, შემდეგ კი ესტუმრებიან საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას. საპატრიარქოში ბავშვებს მიიღებს და დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
ღონისძიების დასკვნით ეტაპს წარმოადგნეს გამოფენა, რომელიც 17:00 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვაჟა-ფშაველას ლექსების, პოემების, მოთხრობების, ეთნოგრაფიული და პუბლიცისტური წერილების ავტოგრაფები. გამოფენაზე დამთვალიერებელს ასევე საშუალება ექნება ნახოს ძველი ფშავური ნაკეთობები და ნივთები.
ექსპოზიციას სპეციალური რეპერტუარით გახსნის ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები". გამოფენა წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წლის მოსამზადებელ ეტაპსა და იუნესკოს ეგიდით ტარდება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან „ოლიმპიური ვარსკვლავი" და „მაკდონალდსი".