„არაბული გაზაფხულის“ გამო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 614 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ გაეროს სოციალური და ეკონომიკური კომისია იტყობინება. კომისიის ანგარიშის მიხედვით, კატასტროფული შედეგი სამოქალაქო ომებმა, ლტოლვილთა ნაკადის გაზრდამ, ტურისტული ბიზნესის ჩავარდნამ და ფულადი გადარიცხვების შემცირებამ განაპირობა. ე.წ. „არაბული გაზაფხული“ 2011 წელს დაიწყო, რასაც არაბულ ქვეყნებში ხელისუფლების ცვლილებები და გაჭიანურებული კონფლიქტები მოჰყვა. მხოლოდ სირიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 259 მილიარდი დოლარით იზარალა.