კინოხელოვნების ცენტრმა "პრომეთემ" თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის თარიღი გამოაცხადა: 2010 წლის 6-12 დეკემბერი. ფესტივალი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, აგრეთვე თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის თანაორგანიზატორია კომპანია "ჯორჯიან ივენტსი".
თბილისის კინოფესტივალი წარმოადგენს ყოველწლიურ საერთაშორისო კინოფორუმს, რომელზეც ასამდე ახალ ფილმს აჩვენებენ. მაყურებელს საშუალება ეძლევა ნახოს არაკომერციული კინოპროდუქცია და შეხვდეს შემოქმედებით ჯგუფებს.
კინოპროფესიონალებისთვის ტარდება სპეციალური ღონისძიებები მასტერ-კლასების, სემინარების, კონფერენციებისა თუ მრგვალი მაგიდების სახით. კინოფესტივალის ჟიური გასცემს ორ მთავარ პრიზს: ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორები არიან საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოები და კულტურის ცენტრები. ასევე დიდია კინოფესტივალით კერძო სექტორის დაინტერესება.